თბილისის ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდის კონცერტი გაიმართება

14 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდი კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ი. ლაზარიშვილი (კონცერტმაისტერი); სოლისტები: ს. ფადიაური (სოპრანო), მ. ჭიჭიაშვილი (მეცო-სოპრანო), ლ. გვენეტაძე (ტენორი), ზ. ხელაია (ბარიტონი); თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და მიხეილ ედიშერაშვილი (დირიჟორი).

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდს უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1978 წელს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან დაარსდა ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი. ამ ათწლედის ძირითადი დანიშნულება იყო კონსერვატორიის მომარაგება მაღალკვალიფიციური კადრებით. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაც ეკისრებოდა: ეს იყო ჭეშმარიტი ლაბორატორია, სადაც კონსერვატორიის სტუდენტები ეუფლებოდნენ პედაგოგიური პრაქტიკის საფუძვლებს, ე.ი. უნდა ყოფილიყო პედაგოგიური კადრების ნამდვილი სამჭედლო.
საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე წლების მანძილზე მუშაობდნენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები: მ. თოფურია, დ. კვაჭანტირაძე, დ. ბალანჩივაძე, მ. ჩიკაშუა, თ. პავლოვი, ა. რევიშვილი, გ. ბოლაშვილი და სხვები. ისინი ძალას და მონდომებას არ იშურებდნენ მომავალი თაობის აღზრდისთვის; შედეგიც არ აყოვნებდა – ყოველწლიურად წარმატებული მისაღები გამოცდები, შემდგომში კი წარმატებული ქორმაისტერები, რომლებიც საკუთარი საშემსრულებლო კოლექტივებით მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და ფესტივალებში, კონკურსებსა და დათვალიერებებში.
განყოფილებას 2004 წლამდე უცვლელად უძღვებოდა პროფესორი მ. თოფურია. 2004 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ლ. ჭონიშვილი.
დღეს სასწავლებელს აქვს უწყვეტი 12- წლიანი სამუსიკო სწავლება (უკვე ერთადერთი საქართველოში). მთლიანად განახლდა სასწავლო გეგმები, დამუშავდა და ხშირ შემთხვევაში ხელახლა შეიქმნა სასწავლო პროგრამები.
ამჟამად, სასწავლებელში ფუნქციონირებს ორი ასაკობრივი ჯგუფის გუნდი: უმცროსკლასელთა I – VI კლასი (ხელმძღვანელი ე. ჩიქოვანი) და უფროსკლასელთა VII – XII კლასი (ხელმძღვანელი კონსერვატორიის ასოც. პროფ. მ. ედიშერაშვილი). ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდი (ხელმძღვანელი რ. გიორგაძე)
ძალიან მნიშვნელოვანია უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ხალხური სიმღერისა და გალობის კლასების შემოტანა (ხელმძღვანელი ლ. სალაყაია). უფროსკლასელები მონაწილეობენ წირვა-ლოცვასა და პარაკლისებში თბილისის სხვადასხვა ტაძარში. რაც შეეხება  სიონის ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდს, იგი  სასწავლებლის მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული, ბევრი მათგანი უკვე თავად რეგენტია.
სამუსიკო სასწავლებელი  ყოველწლიურ საანგარიშო და საჩვენებელ კონცერტებს მართავს კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში. პროგრამაშია საგუნდო ნაწარმოებები acapella და ორკესტრის თანხლებით.
ამ წლებში წარმატებით შესრულდა არაერთი დიდი ფორმის ნაწარმოები: ჯ. ბ. პერგოლეზი – Stabat Mater; ი.ჰაიდნი – იოანე ოქროპირის მოკლე საორგანო მესა; ვ. ა. მოცარტი: Messa in d minor, Messa in D major, Ave Verum Corpus, № 5 Laudate Dominum ღამის ლოცვიდან; ა. ვივალდი – Gloria.
სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას  კონსერვატორიასა სხვა უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში. ბოლო წლებში კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების სტუდენტები გახდნენ: ი. კახნიაშვილი, ნ. გოგიჩაშვილი, გ. მარგველაშვილი, მ. ხუხუნაიშვილი, ნ. მუჭაური, გ. ჯაშიაშვილი, ზ. ნატროშვილი, გ. ქასრაშვილი, დ. მაჭავარიანი, ო. ბურდული, ლ. მიროტაძე, მ. იაკობიძე, თ. ბუთხუზი, ნ. მოსეშვილი, ა. მეგრელიშვილი, ქ. ჯეირანაშვილი, ი. ჯოჯუა, ნ. კალანდაძე, მ. ნერგაძე, ნ. გაბუნია, ა. ოშაყმაშვილი, ქ. ქართველიშვილი, რ. კაზარიანი, გ. კობახიძე, გ. ბიწაძე ს.ხუციშვილი და სხვა.
2015 წლის მარტში თბილისში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I ეროვნული კონკურსი, სადაც ჩვენი სასწავლებლის  გუნდებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში I ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. 2016 წელს, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-2 ეროვნული კონკურსზე უფროსკლასელთა გუნდმა ოქროს მედალი და პირველი პირველი ადგილი მოიპოვა.
14 მაისს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდი წარმოადგენს ი. კეჭაყმაძის “ნეტავი გულო” და მ. ასლუნდის “Kom”-ს, ხოლო საღამოს დასასრულს „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ვ. ა. მოცარტის “Missa Brevis” KV.275 (272b) შეასრულებს.
14 მაისს  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი მუსიკის ყველა მოყვარულს ეპატიჟება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები