აშშ საქართველოსთან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომებზე შეთანხმდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შთანხმებას “აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო. მანვე, სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე. აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ვაშინგტონში 7 მაისს ჩავიდა. ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 10 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცეპრეზიდენტ მაიკლ პენსს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები