ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, როგორც საპრეზიდენტო მმართველობაზე, ისე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე

„ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, როგორც საპრეზიდენტო მმართველობაზე, ისე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, საერთო – სახალხო განხილვისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის პოლიტიკური წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამივე პრეზიდენტმა პოლიტიკური მოღვაწეობა რევოლუციის გზით დაასრულა. მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა.
„პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება სამივე პრეზიდენტმა – აქედან ზოგი კარგი იყო, ზოგი – ცუდი – დაამთავრა თავისი მოღვაწეობა რევოლუციის საფუძველზე. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციის საფუძველზე. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ ძალიან მკაფიოდ: ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, როგორც საპრეზიდენტო მმართველობაზე, ისე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე. ორივე შეიცავს საკმაოდ სერიოზულ რისკს ავტორიტარიზმის და ავტოკრატიის ჩამოყალიბების. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი და გადავიდეთ ყველაზე დემოკრატიულ მმართველობის სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რიგით მე-5 შეხვედრა ზუგდიდში უკვე დასრულდა. ხვალ, საერთო სახალხო განხილვა ახალციხეში გაიმართება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ სულ 11 შეხვედრას გეგმავს, ბოლო შეხვედრა 15 მაისს, თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები