პრემიერი: მყარი გარანტიები მივიღეთ აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. გარკვეულწილად, ჩვენ გასული 25 წლის ურთიერთობები შევაჯამეთ და მომავალ 25 წელზე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი გარანტიები მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე გვქონდა. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით გაგრძელდა. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ტრამპთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები