ვიქტორ ჯაფარიძე: მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს და პარლამენტი გახდეს
ორპალატიანი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე მაჟორიტარული სისტემის დატოვების და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იქნება, თუ მასში პირდაპირი გზით არჩეული მაჟორიტარები იქნებიან. რაც შეეხება ორპალატიან სისტემას, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამ სისტემაზე მანამდე უნდა გადავიდეს, სანამ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ კი ჩანაწერი კონსტიტუციაში კვლავ უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო. პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება წარმომადგენლობითი, რამეთუ ჩვენი წარმომადგენლები არიან მუნიციპალიტეტები, არცერთ მუნიციპალიტეტს, თუ თავის წარმომადგენელი არ ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ის იყოს წარმომადგენლობითი? ამიტომაც ვთვლი, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს კონსტიტუციაში გაწერილი. მაჟორიტარები საკუთარ რეგიონებს არ არიან მოწყვეტილი. ჩავიდნენ რეგიონებში და ჰკითხონ ამომრჩევლებს. მაგ ლოგიკით, პროპორციული სიით არჩეული ადამიანები შეიძლება, საერთოდ არ შეხვდნენ მოქალაქეებს. რაც შეეხება მათ ნაკლებ აქტივობას საკანონმდებლო ორგანოში, ის რომ ესა თუ ის პარლამენტარი ნაკლებად აქტიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემაა ცუდი? ეს არჩევანი დავუტოვოთ მოსახლეობას და მათ გადაწყვიტონ მაჟორიტარი აირჩიონ თუ არა.
მე თვის ნახევარს მესტიაში ვატარებ, ჩემი ტელეფონი საერთოდ არ ჩერდება. ყველა სამინისტროსთან კომუნიკაცია მაქვს იქ მიმდინარე პროექტებზე. მე რომ მოწყვეტილი ვიყო ჩემს ამომრჩეველს, ისევ დამიჭერდნენ მხარს ჩემი კუთხის წარმომადგენლები? მიდის გუნდში სერიოზული მსჯელობა და არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაჟორიტარები უნდა იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში უნდა იქნას ჩანაწერი ორპალატიანი სიტემის შესახებ და იქნება სრულად წარმოდგენილი ყველა რეგიონი. არის ჩანაწერი, რომ ორპალატიანი იქნება მაშინ, როდესაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. გავაკეთოთ ორპალატიანი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შევცვალოთ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რა გვიშლის ხელს? თუ ევროპაზე და ამერიკაზე ვსაუბრობთ, იქ ორპალატიანი სისტემებია. ორპალატიანი პარლამენტის პირობებში, გაიზრდება მაჟორიტარების უფლებები და სულ სხვა ფუნქციები ექნება. მე ვფიქრობ, მისი უფლებები გათანაბრებული უნდა იყოს სენატორის უფლებებთან“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.