საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-2 რაუნდი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ სფეროში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს.
საქართველოს დელეგაციამ გამართა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკაში მიღწეული შედეგებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ზელანდიაში საქართველოს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობას. საუბარი, აგრეთვე, შეეხო განათლების და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებას.
შეხვედრაზე განხილული იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები. ახალ ზელანდიურ მხარეს მიეწოდა სრული ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმდინარე სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებზე. თავის მხრივ, ახალ ზელანდიურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა .
მხარეებმა ასევე, აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა და მიმოიხილეს საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მხარეებმა  საგარეო საქმეთა მინისტრების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს. თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესში ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
პოლიტიკურ კონსულტაციებზე საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ახალი ზელანდიის მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი მდივნის მოადგილე ჯეფრი ლენგლი.
პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-3 რაუნდის გამართვა 2018 წელს ქ. თბილისში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები