ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა, რომ აქეთ გავექანოთ ყველა

„ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა, რომ აქეთ გავექანოთ ყველა ერთად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე, თუ ”საით მიექანება ქვეყანა”, ირაკლი კობახიძემ ყველა ის სფერო ჩამოთვალა, სადაც 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა.
”2012 წლის შემდეგ, ზუსტად ვიცით, საით მივექანებით. გეტყვით, საით მივექანებით -ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა. გავექანეთ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის ნაცვლად, დღეს გვყავს 9 500 პატიმარი, ანუ ორნახევარჯერ ნაკლები პატიმარი. აი, აქეთ გავექანეთ, ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კვდება. 12-ჯერ ნაკლები კაცი კვდება ახლა ციხეებში და აქეთ გავექანეთ ჩვენ, ყველა ერთად, მადლობა ღმერთს, 2012 წელს.
ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით – აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ის, საითაც ყველა ერთად მივექანებით – მეტი დემოკრატია. გახსოვთ, ალბათ, პარლამენტარები ნოტარიუსის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და თითის დაჭერის მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ეკონომიკური ზრდის და აქეთ მივექანებით. 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა იანვარ-თებერვალ-მარტში და ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც ატარებს პარლამენტი და მთავრობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება სოციალურ და საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა.
”სოციალური დაცვის მიმართულებით, მილიარდ 200 მილიონი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს, დღეს არის 3 მილიარდ 200 მილიონზე მეტი. აქეთ გავექანეთ, რომ ორჯერ მეტი ფული იხარჯება იმისთვის, რათა ჯანდაცვა და სოციალური დაცვა იყოს უზრუნველყოფილი.
ზუსტად ვიცით, საით მივექანებით საგარეო პოლიტიკის კუთხით – ეს არის ევროკავშირი და ნატო, ასევე, მშვიდობიანი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა, რომ აქეთ გავექანოთ ყველა ერთად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები