“გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება „ქართული ოცნების“ დამსახურება იყო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
ზაზა გაბუნიამ საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის მანდატი „ქართული ოცნების“ გამო მისცა.
“ყველასთვის ცხადია, რომ ისეთი ძლიერი და ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური ძალის მქონე ძალის, როგორიც “ქართული ოცნებაა” მხარდაჭერამ განაპირობა გიორგი მარგველაშვილის საზოგადოების მხრიდან მიღება და მისი პრეზიდენტად არჩევა, ამაში, ვფიქრობ, თავად პრეზიდენტიც დამეთანხმება. ამაზე არავინ დაობს“,- აღნიშნა გაბუნიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ზაზა გაბუნიას თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ნორმალურია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ იქნას არჩეული.
„რაც შეეხება ზოგადად ცვლილებებს, “ქართულ ოცნებას” ხალხმა მანდატი მისცა მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაც. ის მოდელი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით დაგვრჩა, მორგებული იყო ერთ ადამიანზე, შესაბამისად, მასში იყო მთელი რიგი ნორმები, რომელიც არ ექვემდებარებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის ლოგიკას. ეს იყო ხარვეზიანი დოკუმენტი და “ქართული ოცნება” ვალდებულიც კი არის, შეცვალოს ის ნორმები, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია. ამიტომ, იმ პირობებში, როცა ჩვენ ვხდებით სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, ცხადია, რომ ამ პარამეტრშიც უნდა ვუპასუხოთ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის არჩევის წესს. პრეზიდენტის როლის განისაზღვრება, როგორც სახელმიწიფოს მეთაურის, როგორც გამაწონასწორებელი არბიტრის მქონე ადამიანის, შესაბამისად, ის არ იძლევა არანაირ დაპირებებს, რადგან ვერ შეასრულებს“,- განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შემთხვევაშიც კი, ძლიერი კონკურენტი ვერ ეყოლება.
„როცა ოპონენტები საუბრობენ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი პრეზიდენტი გვყავდეს, დავსვათ კითხვა, ვინ მოუგებს დღეს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, თუკი თუნდაც პირდაპირი წესით ჩავატარებთ“,- აღნიშნა გაბუნიამ.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის წესი 2022 წლიდან შეიცვლება, რაც პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები