მამუკა მდინარაძე: თუ ვთანხმდებით საპარლამენტო მოდელზე, მაშინ რატომ ვატყუებთ ხალხს, რომ იქნებ დარჩეს გარკვეული უფლებამოსილებები პრეზიდენტს?!
“თუ ვთანხმდებით საპარლამენტო მოდელზე, მაშინ რატომ ვატყუებთ ხალხს, რომ იქნებ დარჩეს გარკვეული უფლებამოსილებები პრეზიდენტს?!” – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აჭარაში, საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
მდინარაძის მტკიცებით, საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პრეზიდენტი ზეპარტიული ადამიანია, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„ჩვენ თუ ვთანხმდებით საპარლამენტო მოდელზე და ამას გვეუბნება საუკეთესო გამოცდილებაც, მაშინ რატომ ვატყუებთ ხალხს, რომ იქნებ დარჩეს გარკვეული უფლებამოსილებები პრეზიდენტს. უფლებამოსილებები 2010 წელს შეეკვეცა პრეზიდენტს და ამის კრიტიკა, ალბათ, არ შეიძლება, რადგან ვენეციის კომისიაც ამას ეთანხმებოდა. როდესაც საპარლამენტო მმართველობაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი არის ზეპარტიული ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას არა რაღაც რადიკალური ფუნქციებით, რომელიც საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია, არამედ ისეთში, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკებში და საუბარი გვაქვს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებზე“, – განაცხადა მდინარაძემ კოლეგების მისამართით.