რა საფრთხის წინაშეა „ელიავას ბაზრობასთან“ მცხოვრები მოსახლეობა – „იქ ფაქტობრივად, ფილტვის სიმსივნის კერაა“ – რას აცხადებს ეკოლოგი
ეკოლოგი ხათუნა ახალაია ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხეებზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სამშენებლო ბაზრობის მიმდებარედ ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ ფილტვის სიმსივნის კერაა. ექსპერტი ეკოლოგის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ბაზრობაზე მუშაობის პროცესში არ ხდება არანაირი სტანდარტის დაცვა, აუცილებელია ბაზრობა ქალაქგარეთ, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე იქნას გადატანილი.
„წერეთლის გამზირი ერთადერთი ადგილია, სადაც ყველა ზღვარს აჭარბებს იმ მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ ინტენსიურად დასახლებულ ადგილას, იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც იქ მუშაობენ, არ შეიძლება მუშაობის გაგრძელება. ასეთ ტერიტორიაზე ან არ უნდა იყოს ამ ტიპის ბიზნესი, ან მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული მათი საქმიანობა. ელიავაზე 36 სხვადასხვა საქმიანობის სფეროა, დაწყებული ავეჯის წარმოებით, დამთავრებული საბურავების აღდგენით. აქ მობილიზებულია დიდი რაოდენობით ტრანსპორტი, საწარმოო პროცესის დროს გამოყოფილ მავნე ნივთიერებებს ემატება ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ხის, რკინის და სხვა ნაწარმის დახერხვის დროს გამოიყოფა ის აქროლვადი ნივთიერებები, რომელიც ქმნის ღრუბელს. ძალიან დიდი რაოდენობაა მტვრის და გაფრქვეული ნაწილაკების, რომელსაც პმ10-ს ეძახიან, მათი დიამეტრი 10 მილიმეტრამდეა. ეს ნაწილაკები ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ სასუნთქ გზებზე. ისინი მექანიკურად აზიანებენ სასუნთქ გზებს. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, მათი იმუნური სისტემა არ არის ჯერ ჩამოყალიბებული და ამ ტერიტორიაზე გაზრდილ ბავშვს ექნება ჯანმრთელობის პრობლემები, იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ პრობლემები სასუნთქ გზებზე, იქ ფაქტობრივად ფილტვის სიმსივნის კერაა. ძალიან კარგი იქნება, თუ ღია სივრცეში, ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე გამოიძებნება ადგილი ასეთი ბაზრობისთვის. ამ ტიპის ობიექტისთვის გარემოზე ზემოქმედებს შეფასება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.