გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა რიყეზე მიმდინარე ევროპის დღის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველები საუკუნეების განმავლობაში თავიანთი სიცოცხლით იცავდნენ ევროპულ არჩევანს.
“როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა. ამ პოლიტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ქართული საზოგადოება აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე თამამ ნაბიჯებს დგამს როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ვართ ნატოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქვეყანა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.