გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფოში დემოკრატია არ მუშაობს, თუ ამ სახელმწიფოს არ ამუშავებს ხალხი
მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, პროექტის “მე და კონსტიტუცია” ფინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოში დემოკრატია არ მუშაობს, თუ ამ სახელმწიფოს არ ამუშავებს ხალხი.
„კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, განსწავლული იურისტების, ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების, არამედ კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და რომელიც იწყება სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის შემოქმედების და ცოდნის საგანი. მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ინტერესი განაპირობებს იმას, რომ ხვალ და მომავალში საქართველო იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი ცოდნა ამ მიმართულებით, ეს ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუცია არ იქნება ცალკე მდგარი იურიდიული დოკუმენტი, არამედ ის იქნება ყოველი მოქალაქის ცოდნის საგანი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.