„ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო გუნდი უარს ამბობს ძალაუფლების კონცენტრაციაზე“
ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ უარს ამბობს ძალაუფლების კონცენტრაციაზე, რისი შესაძლებლობაც არსებობს მოქმედი კონსტიტუციის პირობებში. ამაზე ვამბობთ უარს – ამის შესახებ ჩოხატაურში, კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა წინამორბედი ხელისუფლება კონსტიტუციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცვლიდა.
თალაკვაძის თქმით, სწორედ ამის გამო არსებულ კონსტიტუციაში დისბალანსი არის ხარვეზიანი.
„ყველა ხელისუფლება ცვლიდა კონსტიტუციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო არსებულ კონსტიტუციაში დისბალანსი არის ხარვეზიანი. ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ უარს ამბობს ძალაუფლების კონცენტრაციაზე, რისი შესაძლებლობაც არსებობს მოქმედი კონსტიტუციის პირობებში. ამაზე ვამბობთ უარს. ჩვენ ძალაუფლების კონცენტრაციას კი არ ვითხოვთ ამ ცვლილებით, არამედ საკმარისად ძლიერ წარმომადგენლობას იმ პარტიის, რომელსაც დაუჭერს ხალხი მხარს. ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია, გვაძლევს სისტემას, რომ როდესაც მივალთ არჩევნებზე, გაიმარჯვებს პარტია, მაგრამ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, რადგან არ ექნება საკმარისი ძალა. ჩვენ ვთავაზობთ საკმარისად ძლიერ ხელისუფლებას და არა ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას. ასეთი მოდელი იძლევა ხშირ პოლიტიკურ კრიზისებს, განვითარებულ ქვეყნებს აქვთ საშუალება ამ კრიზისების დაძლევის, თუმცა საქართველოს სჭირდება თუ არა მარტივ მამრავლებად დაშლილი ხელისუფლება?!”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები და განწყობა ძალიან პესიმისტურია.