კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში ერთვება

კარგი იქნება თუ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვა პლურალისტურ რეჟიმში წარიმართება და პარლამენტი ამ ფორმატისთვის აბსოლუტურად გახსნილია, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის გადაწყვეტილებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ცალმხრივად არ მიეწოდოს მოსაზრებები.
„მე რა თქმა უნდა, არაპირდაპირ ვიყავი ჩართული კონსულტაციებში, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მონაწილეობას საყოველთაო-სახალხო განხილვაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცალმხრივად არ მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებას. აქამდე პრეზიდენტი მართავდა თავის შეხვედრებს და ცალმხრივად საუბრობდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება ამ ცალმხრივი ფორმატის ჩანაცვლება ისეთი ფორმატით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიტყვით ჩვენს მოსაზრებებს მოსახლეობის წინაშე და გვექნება მსჯელობის საშუალება არა მონოლოგის რეჟიმში, არამედ პლურალისტურ რეჟიმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, საბოლოო წინადადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და ვართ აბსოლუტურად გახსნილი იმ ფორმატისთვის, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ჩართულობას. მიუხედავად გარკვეული ემოციური გამოსვლებისა, დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია ამ ფორმატში ქუთაისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე კონსტრუქციული დისკუსიები გაიმართება იგივე ფორმატში, სხვა ქალაქებში, პრეზიდენტის მონაწილეობით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ კამპანიას „დაიცავი კონსტიტუცია”, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება ჩაატაროს საკუთარი კამპანია, ხოლო პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას კონსტიტუციით და  კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ეს არის პოზიტიური დღის წესრიგი და  გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან. სწორედ, ამ კანონმდებლობის შესაბამისად იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა. მადლობა ღმერთს, ყველას აქვს საქართველოში იმის უფლება, რომ თავისი კამპანიები ჩაატაროს, თავისი მოსაზრებები გააცნოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ეს მათი უფლებაა და ეს უფლება უნდა განხორციელდეს”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები