„შემატეთ თქვენს ბიბლიოთეკას თქვენი ხელით შექმნილი წიგნი“ – ახალი პროექტი ოლესია თავაძესთან ერთად

„წიგნების დამზადება მხოლოდ სტამბის საქმე როდია. ყველას სიამოვნებს შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა. დახატე ილუსტრაცია, დაწერე ტექსტი, გააკეთე აპლიკაციები და აკინძე შენი ხელით დამზადებული გვერდები.  
ამ პროცესში წიგნის მიმართ მეტი სიყვარული გაგვიჩნდება. მუზეუმი მხატვარ ოლესია თავაძესთან ერთად იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას „წიგნის სახელოსნო“. „შემატეთ თქვენს ბიბლიოთეკას თქვენი ხელით შექმნილი წიგნი“, –  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი იწვევს იმ ბავშვებს, ვისაც აინტერესებს, საკუთარი ხელით დაამზადოს საყვარელი მწერლის წიგნი.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, პროგრამა მოიცავს ოთხ შეხვედრას. 6, 7, 13, 14 მაისს, 14 საათზე, მუშაობის პროცესში ბავშვები გაეცნობიან ხელნაკეთი წიგნის დამზადების სხვადასხვა ეტაპს და ტექნიკას. დასრულებისას თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ხელით დამზადებული წიგნი.
„კვირა“ დაუკავშირდა მხატვარ ოლესია თავაძეს და რამდენიმე კითხვით მიმართა.

– როგორ გაჩნდა „წიგნის სახელოსნოს“ იდეა?
– ეს პროექტი მუზეუმის თანამშრომლების ჩანაფიქრია. ნინო კოვზიაშვილის და მისი მეგობრების იდეაა. ახალგაზრდების ძალიან ქმედითიანი და შემოქმედებითი ჯგუფია. მე მათი მართვის ქვეშ ვარ იმდენად, რამდენადაც წიგნის მხატვარიც მქვია და წიგნები გამიფორმებია.
„წიგნის სახელოსნოს“ იდეა ბუნებრივად იშვა.  მუზეუმში დედაჩემის – ალექსანდრა კოსტიურინა-თავაძის გამოფენა მიმდინარეობს. უნებურად ლაპარაკს მოჰყვა, დედაჩემის მიერ  გაკეთებული ხელნაკეთი წიგნის ნიმუშის ხილვისას. დედა გამოყენებითი ხელოვნების, ქსოვილების მხატვარი იყო. მაგრამ ისეთ დროს  უწევდა ჩემი აღზრდა-განათლება, რომ წიგნი ძნელად იყიდებოდა, ძნელად იშოვებოდა, დედა თვითონ მიხატავდა წიგნებს და ერთ-ერთი ასეთი  იმდროინდელი, გულსაკლავი ნიმუში შემომრჩა. ეს არის  დედას დახატული ხელნაკეთი წიგნი „თალგამი“, რომელსაც მე მიხატავდა, მიკითხავდა. ამ წიგნის ილუსტრაცია მოგვიანებით უკვე სრულიად ზრდასრულს დამოუკიდებლად, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გამიკეთებია. წიგნი გამოიცა კიდეც.
– დედათქვენი თავის დროზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში მხატვრად მუშაობდა…
– დედა ალექსანდრა კოსტიურინა-თავაძე ბოლოს  მამაჩემის გვარს ატარებდა,  რუსი იყო, უკრაინაში დაბადებული, რუსეთში ჩამოყალიბდა მხატვრად. მერე აქ გამოთხოვდა. თავს უშველა, ძალიან ცუდი დრო, 30-40 წლები იყო.  მუშაობდა თბილისში, აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკასა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში მხატვრად. ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს შემორჩა დედას ნამუშევრების ფერადოვანი გამოფენა.
„წიგნის სახელოსნოს“ შექმნის იდეა დედის მიერ ფანქრით დახატულმა, ზემოხსენებულმა წიგნმა მოიტანა. როგორც ჩანს, ამ ორმა ნიშნულმა – ბავშვობისდროინდელმა ხელნაკეთმა წიგნმა და მერე იგივე თემაზე გამოცემულმა, ზემოხსენებული იდეა შვა.
– წიგნის აწყობის პროცესი, ვფიქრობ, ბავშვებისთვის საინტერესო იქნება…
– კწიგნის აწყობის პროცესი თავისთავად საინტერესოა, ამავდროულად, ამ მუზეუმში ყველაფერს სიცოცხლე ეძლევა, იმიტომ რომ ინტერაქტიული, ცოცხალია მათი ურთიერთობა მომსვლელთან და  განსაკუთრებით ბავშვებთან.
– დღეს ბავშვები კომპიუტერს მიჯაჭვნენ. ეს პროექტი ბავშვს წიგნის სიყვარულს ჩამოუყალიბებს…
– ეგ მტკივნეული თემაა ჩემი თაობის ადამიანისთვის იმდენად, რამდენადაც წიგნი გაფეტიშებული გვაქვს. ალბათ ეგრეც არის, დრო გვაჩვენებს, მაგრამ თავისთავად ეს ურთიერთობა ბავშვებთან, წიგნთან, ნამდვილად კარგია, რადგან ამ პროცესში საკუთარ თავთან რჩები და, ინტერნეტისგან განსხვავებით,  შემთხვევითი ინფორმაცია ბავშვის თვალს არ ხვდება.
– „წიგნის სახელოსნო“ 4 ეტაპს მოიცავს…
– წიგნის გაფორმება და წიგნის წაკითხვა ასე მარტივი არ არის. ერთია, რომ წიგნს ინფორმაციის წყაროდ მიიღებ და მეორეა მისი გათავისება და გააზრება. ინფორმაცია და კულტურა სხვადასხვა რამეა, ინფორმაცია დევს ინტერნეტში. ზუსტად ასე ინტერნეტულად შეიძლება ეს წიგნიც აღიქვა – პრინციპული განსხვავება არ არის, მაგრამ მერე და მერე, ამ ურთიერთობაში წიგნთან, ავტორთან, ხელმძღვანელთან, პროექტში მონაწილე  გოგოებთან… ხდება იმ საქმის გათავისება, რასაც ხელნაკეთი წიგნის დაბადება ჰქვია.
ამას ჩაღრმავება, ახსნა უნდა. ეს წიგნი მხოლოდ სიუჟეტი არ არის, მის მიღმა სხვა შრეებია… თანაც, წიგნზე მუშაობის პროცესი მხატვართან ერთად საკმაოდ ხანგრძლივია. 15 წუთში წაიკითხავ ზღაპარს, მაგრამ 15 წუთში წიგნად ვერ აქცევ. მინიმუმ 8 საათი მაინც სჭირდება, თუ არა, 10-ჯერ მაგდენი. რასაც ბავშვებთან მუშაობა ჰქვია. ამიტომ პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ჯერ წაკითხვას, მერე აღქმას, ესკიზების დასრულებას, დაბოლოს,  წიგნის აწყობას.

ცნობისათვის: ოლესია თავაძე არის მხატვარი-ფერმწერი, ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი, თოჯინების ავტორი, ხელნაკეთი კოსტიუმების ავტორი, წიგნების ავტორი.
 დაიბადა 1944 წელს თბილისში. მამა პიმენ თავაძე – ბიოლოგი იყო, დედა ალექსანდრა კოსტიურინა–თავაძე – მხატვარი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდგომ – 1963 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (შუალედში, ორი წელი მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში) – ფერწერის, წიგნის გრაფიკისა და თეატრალური მხატვრობის სახელოსნოებში. სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1970 წელს (სადიპლომო ნამუშევარი – „საცირკო წარმოდგენის გაფორმება“). იმავე წელს საიუბილეო კოსტიუმების ესკიზები გაამზადა საქართველოს საცირკო დასისთვის. შემდგომ 1973–75 წწ.-ში მუშაობდა მთავარ მხატვრად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1978–79 წწ.-ში – მთავარ მხატვრად თბილისის მინიატიურების თეატრში, ჟურნალ Литературная Грузия-ს მთავარ მხატვრად (1996–2006), მხატვრად თეატრისა და კინოს მუზეუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსტიუმების ისტორიის კურსის მიწვეულ ლექტორად.
არაერთგზის იმყოფებდოა მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ხანგრძლივ შემოქმედებით მივლინებებში:
გააფორმა არაერთი სპექტაკლი თბილისისა და ბათუმის თეატრებში.
მუშაობს დაზგურ ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაში, შეასრულა მრავალი სადიდო და საბავშვო წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია (მათ შორის ილუსტრირებული აქვს შექსპირის პიესები „მეფე ჯონი“ და „სიყვარულის ამაო გარჯა“ – შექსპირის თხზულებათა I ტომი, თბ., 1986). ავტორია არაერთი ხელნაკეთი თოჯინისა და კოსტიუმის. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში და ინახება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში. ლაურეატია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სამხატვრო კონკურსისა (2001). ავტორია არაერთი ხელოვნებათმცოდნეობითი სტატიისა და რეცენზიის, აგრეთვე საბავშვო წიგნის Bursunsul and Paskualina, რომელიც 2007 წ. პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე Step by Step (ნიუ–იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი იყო პროზაული მინიატიურების კრებული – „სევდიანი ჩანაწერები“ (2011). ამავე წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციების („პასკუალინა და ბუსუნსულა“) და როგორც საუკეთესო საბავშვო წიგნის („პატარა მაწანწალა“) ავტორმა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები