დათო ტურაშვილმა ბოლნისელ მკითხველს საკუთარი შემოქმედება გააცნო

,,ადამიანი იმისთვის იბადება, რომ სულ უნდა განვითარდეს, სიცოცხლე არის საჩუქარი, რომელიც შემოქმედებითად უნდა გაატარო“,- ეს სიტყვები მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის, მწერალს, რომელმაც საზოგადოებას ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ ტრაგიკული ისტორია უამბო და მკითხველმაც განსაკუთრებულად შეიყვარა.
მისი შემოქმედება რამდენიმე ათეულ ნაწარმოებს ითვლის. სწორედ საკუთარი შემოქმედება გააცნო დათო ტურაშვილმა ბოლნისელ მკითხველს. შეხვედრას 200-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მოსწავლეები და პედაგოგები . მწერალმა საზოგადოებას თავისი ნაწარმოებების შექმნის ისტორიებიც უამბო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა.
აქტიურობდნენ მოსწავლეები და საყვარელი მწერლისგან საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მნიშვნელოვან რჩევებს იზიარებდნენ.
,,თუ წიგნებს წაიკითხავთ და განათლებას მიიღებთ, დედამიწაზე თქვენთვის ყველა კარი გაიღება და ყველა ოცნების ასრულებას შეძლებთ“,- ამ სიტყვებით დაასრულა მკითხველთან შეხვედრა დათო ტურაშვილმა.
,,ჯინსების თაობის“ მწერალთან შეხვედრა საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში შედგა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა, რომელმაც საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქრად ხელნაკეთი ბოლნური ჯვარი გადასცა.
,,მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობისთვის. საინტერესოა დისკუსიების გამართვა ისეთ მწერალთან, როგორიც არის დათო ტურაშვილი. ვფიქრობთ, ნაყოფიერი საღამო შედგა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ყველა ასეთ პროექტს დავუჭერთ მხარს, ვინაიდან მომავალი თაობის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები