გიორგი მღებრიშვილმა მოთხილამურე პატრულები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი „მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გუდაურში გამართა. გიორგი მღებრიშვილმა სეზონის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, 22 მოთხილამურე პატრული მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
„მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს პროექტი, რომელსაც დაწყების დღიდან განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, ასეთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურად ჩამოყალიბდა. სწორედ ჩემი მადლიერების, პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მადლობის სიგელები, რომლებსაც დღეს დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ და გპირდებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
 
„მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონი წარმატებით დასრულდა. 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე, სამთო-სათხილამურო პატრულებმა 474 დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება, სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს, 200-მდე დაკარგული ნივთი (მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო კამერები, საფულეები, თხილამურები) პატრონს დაუბრუნეს.
 
შსს-მ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. წლევანდელ სეზონზე კი სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრულები, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით, უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მიტარბში, თეთნულდსა და კურორტ გოდერძზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა უსაფრთხოებას და ახდენდნენ დანაშაულის პრევენციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები