“გენდერული თანასწორობის საბჭო შეძლებს იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას, რაც წლევანდელი წლისთვის დაისახა”

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიება გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2014-2016 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში იქნა წარმოდგენილი და 2017-2020 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტზე გაიმართა მსჯელობა.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს მანდატი კანონმა თვისობრივად შეცვალა და მისი ფუნქციები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის გაიყო.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს ჰქონდა სრულიად სხვა დატვირთვა, სრულიად სხვა ტიპის სამოქმედო გეგმები. კერძოდ, ის პასუხისმგებელი იყო, ქვეყნის მასშტაბით, გენდერული თანასწორობის საკითხების და სამოქმედო გეგმების კოორდინაციაზე და იმპლემენტაციაზე. წელს, კანონის ცვლილებიდან გამომდინარე, განსხვავებული ტიპის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. კერძოდ, გაიყო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. ის ნაწილი, რაც პარლამენტის პასუხიმგებლობას განეკუთვნება, დეტალურად გაიწერა ჩვენი წლევანდელი სამოქმედო გეგმის ფარგლებში”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 2014-2016 წლებში არსებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში შესაძლებლობას იძლევა კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზდეს რა შესრულდა და რა დარჩა გასაკეთებელი.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წლევანდელი სამოქმედო გეგმის განხორციელება გენდერული თანასწორობის საბჭომ ძალიან აქტიურად დაიწყო და ძალიან მალე რამდენიმე საინტერესო საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება. „ჩვენ, პრინციპში შევძლებთ იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას, რაც წლევანდელი წლისთვის დავისახეთ”, – აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორი ახალი წევრი – ლევან კობერიძე და გიორგი ტუღუში შეემატნენ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა, შომბი შარპმა მიმართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, პარლამენტის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადახვა კუთხით თანასწორობის დამკვიდრებას.
„წარმოდგენილი იყო გენდერული თანასწორობის პოლიტიკის 2014-2016 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული როგორც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე, ბევრი სხვა მიმართულებით, მაინც რჩება საკმაოდ ბევრი გამოწვევა. თითქმის ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს პროგრესი, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების პოლიტიკური გაძლიერება. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ჩვენ, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გვქონდა ფემიციდის უმძიმესი შემთხვევა. სულ მალე, პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად არის საჭირო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის საკანონმდებლო გარემოს და დარწმუნებულ ვარ, რომ ამ წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება კიდევ ბევრი სხვა ინიციატივა პარლამენტში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას, ასევე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და სხვადახვა კუთხით თანასწორობის დამკვიდრებას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები