შოთა გეწაძე: მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა არსებობდეს

“მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა არსებობდეს და როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად უნდა მოვიფიქროთ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.
როგორც შოთა გეწაძემ აღნიშნა, მოსამართლეს, შეურაცხყოფის გამო, შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, თუმცა, როგორც წესი, ეს რთული და არაეფექტური გზაა.
შოთა გეწაძის თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ სანქციის ერთ-ერთი ფორმა იყოს ჯარიმა.
“ჩემი პირადი მოსაზრებაა, ერთ-ერთი ალტერნატივა იყო ჯარიმა, ჩემი და საბჭოს წევრების პოზიციაა, რომ მოსამართლის შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა არსებობდეს და როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად უნდა მოვიფიქროთ”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.
რაც შეეხება მოსამართლის შეურაცხყოფისთვის არსებულ სანქციების ფორმებს, რომელიც კანონში გაწერილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შეფასებით, შეურაცხყოფისთვის სასამართლოში დავის გამართვა არაეფექტური გზაა.
“შეურაცხყოფის გამო, მოსამართლეს შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ როგორც წესი, ეს რთული და არაეფექტური გზაა. არაეფექტურში ვგულისხმობთ იმას, რომ პროცესი არის დროში გაწელილი. ამავე დროს, მთავარი საკითხია მტკიცების ტვირთი, თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ ცხოველია, მან უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ცხოველი. აქ მტკიცების ტვირთი სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმული მოსაზრებები. საბჭოს შეფასებით, ეს განცხადებები წარმოადგენს სასამართლო სისტემის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას და მოსამართლეთა ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებმა რეაგირებისთვის მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და ქართულ საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები