სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები არიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა და ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ყირგიზეთის დელეგაციის წევრები ვაზის გაშენების, ასევე, ქართული ღვინისა და კონიაკის სპირტის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.
ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მუზეუმი და მარანი დაათვალიერეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა მოინახულეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები