ევროსაბჭომ პედრო აგრამუნტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ ასამბლეის თავმჯდომარის, პედრო აგრამუნტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ფეისბუქში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ არიევმა დაწერა, ბიუროს წევრთა უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აგრამუნტს ოფიციალური ვიზიტები,  განცხადებები, და ასამბლეის სახელით სხვა აქტივობა აეკრძალა.
რამდენიმე დღის წინ, აგრამუნტის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამის მიზეზად სირიაში მისი ჩასვლა და ბაშარ ასადთან შეხვედრა დასახელდა. აგრამუნტის სახელი  სკანდალს ადრეც უკავშირდებოდა. კერძოდ, ევროპის სტაბილურობის ინიციატივის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ის „ხიზილალის დიპლომატიის“ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული. ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, აზერბაიჯანის ხელისუფლება საჩუქრებს, უფასო ვიზიტებს და თანხებს იყენებდა, რათა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი ლობისტების ჯგუფი შექმნილიყო.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ აგრამუნტი ალიევის რეჟიმის დამცავი იყო და აზერბაიჯანში, არჩევნების პროცესში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე თვალს ხუჭავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები