უკრაინის საგარეო უწყება: ომის ყოველდღიური ხარჯი 450 მილიონ დოლარს აღწევს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიგას განცხადებით, რუსეთთან მიმდინარე ომი უკრაინას ყოველდღიურად, დაახლოებით, 450 მილიონი დოლარის ფინანსურ ხარჯს უქმნის.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს როგორც სამხედრო დანახარჯებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე შექმნილ მძიმე ზეწოლას.
“უკრაინაში ომის ერთი დღე დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ღირს. გარდა ამისა, ჩვენ ჯარისკაცების სისხლითაც ვიხდით საფასურს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ჩვენ ყველაზე მაღალ ფასს ვიხდით“,- განაცხადა მინისტრმა.
სიბიგამ აღნიშნა, რომ ეს არის საშუალო შეფასება და არა ზუსტი ბუღალტრული მონაცემი, თუმცა ის ნათლად აჩვენებს ომის მასშტაბსა და მის ფინანსურ გავლენას.
მისი თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ ომის პირობებში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება შეძლოს.