ირაკლი გედენიძე მისი წამების ფაქტს იხსენებს – სასაფლაოებთან ამიყვანეს, დამაგდეს და მცემდნენ, შემდეგ იარაღი დამადეს 

“დაკავების შემდეგ, ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოებთან ამიყვანეს, დამაგდეს და მცემდნენ, შემდეგ იარაღი დამადეს, მოდულის შენობაში კი დამაჩოქეს”, – ამის შესახებ ე.წ ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცემის დროს ნიღბიანები სთხოვდნენ, ეღიარებინა „ვისთან იჯაშუშა”.
გედენიძის თქმით, ცემისგან მას თვალები ჰქონდა დასიებული.
“15-20 წუთი მირტყამდნენ ჯიქიას სასაფლაოზე, მერე ერთ-ერთმა იარაღი გადატენა და დამიმიზნა, აღიარე, ვისთან ჯაშუშობდიო. ხელი ავაფარე, არ გაგივარდეს იარაღი-მეთქი“, – განაცხდა გედენიძემ.
​მისი თქმით, ის ნაცემი მიიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელმა წარმომადგენელმა, დავით დევნოზაშვილმა გინების ფონზე დაიწყო მისი დაკითხვა.
“იქ იყო კიდევ ერთი პიროვნება, დაბალი, მელოტი, ხანში შესული მამაკაცი და როდესაც რაღაცებს ვერ ვიხსენებდი, კეფაში გაშლილ ხელს მირტყამდა. მერე ერთმა, რომელიც ცემაშიც მონაწილეობდა, გამიყვანა, კეფაზე ხელები დამაწყობინა და დაჩოქება მიბრძანა. შევასრულე ეს. ძალიან მიჭირდა დაჩოქება – მუხლი მაწუხებს. ჩაიცინეს, წამომაყენეს და ჩამიყვანეს სავარაუდოდ, სარდაფში, კამერების განყოფილებაში. დამსვეს ხის სკამზე, დამისვეს ახალგაზრდა, მაღალი მამაკაცი. იმან შიმიყვანა ექიმთან, დამათვალიერა ექიმმა და მკითხა, რამეს ხომ არ ვუჩიოდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ვუთხარი, კიბეზე დავგორდი-მეთქი. ამ ახალგაზრდა ექიმმა ჩაიცინა და შეავსო რაღაც ფურცელი. მერე წამიყვანეს ბნელ კამერაში, სადაც გუგუნის ხმა ისმოდა”, – განაცხადა გედენიძემ.
​მისი თქმით, ამის შემდეგ, ისევ გაიყვანეს საკნიდან.
დევნოზაშვილი იგივე კითხვებს მისვამდა. მერე მითხრა, შენი შვილი დოლიძეზე სწავლობსო? რამე არ შეემთხვეს, გოგო გეზრდებაო. სკოლაში გზა უნდა გადაიაროს და რამე არ დაეჯახოსო. თქვენ ისეთი ბრალი გაქვთ, აქედან ვერ გამოხვალთ და ბავშვები უპატრონოდ რჩებიანო. ითხოვდნენ, გამეხსენებინა ის პირები, ვისთანაც ჯაშუშური ურთიერთობა მქონდა. მე ვერ ვიხსენებდი, რადგან ასეთი ურთიერთობები არ მქონია”, – განაცხადა გედენიძემ.
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. გუშინდელ პროცესზე საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინ მისი დაკავების ფაქტი და ძალოვანი უწყებებისთვის იძულებით მიცემული ჩვენებები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.
​რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები