აშშ დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ სააგენტოს, ფოლადის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესასწავლად, ფართომასშტაბიანი გამოძიების ჩატარება დაევალა.
„ფოლადის წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სამხედრო მრეწველობისთვის, ასევე, მთლიანად ამერიკული ეკონომიკისთვის. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ სფეროში უცხოეთის ქვეყნებზე დამოკიდებულები არ გავხდეთ,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: ფოლადის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიებმა ჩინელი კონკურენტები ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. 2016 წლის მონაცემებით, ფოლადის იმპორტის მოცულობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. “The Wall Street Journal”-ის მონაცემებით, 2016 წელსვე, ადგილობრივ ბაზარზე ფოლადის იმპორტის წილი 37-დან 29 პროცენტამდე შემცირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დემპინგის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია – სიგარეტის ქართველი მწარმოებლები უცხოურ იმპორტიორებს დემპინგში ედავებიან. ზოგადად, დემპინგი სპეციფიკური ტერმინია და პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზებას ნიშნავს. მართალია, კომპანია, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს დემპინგურ ფასად ყიდის, გარკვეულ ზარალს ნახულობს, მაგრამ ამ რისკზე მაინც მიდის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, დემპინგური ფასით მიყენებულ ფინანსურ ზიანს, ადგილობრივი მრეწველობის ჩაძირვის ხარჯზე, ერთიორად ინაზღაურებს, ბაზარზე მონოპილისტი ხდება და თავის ფასებს აწესებს. შესაბამისად, ბაზარს მიიტაცებს და მისი სრული მონოპოლისტი ხდება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები დემპინგს მტაცებლურ ფასსაც უწოდებენ. სწორედ ამიტომ, აშშ, ევროკავშირი და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია დემპინგს ებრძვიან.
თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები დემპინგში 2015 წელს, გავლენიანმა ბრიტანულ ტელევიზია “BBC”-მ ამხილა. 2016 წელს კი ამერიკელი კონგრესმენ ლოიდ დოგეტისა და სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვეს, რადგან იეჭვეს, რომ თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები აშშ-ის ანტიკორუფციული აქტის მოთხოვნებს არღვევენ.
მოგვიანებით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ეს კორუფციული მასშტაბები შეიძლება იმაზე ფართო იყოს, ვიდრე ეგონათ. საერთაშორისო ნორმებით, თუ მწარმოებელი პროდუქციას ნორმალურ ფასზე იაფად ყიდის, ადგილობრივმა მთავრობამ იმპორტიორს შესაძლებელია, ჯარიმა გადაახდევინოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო თავის კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეკომენდაციების შესაბამისობით აწესრიგებს, რათა სრულებით შეესაბამებოდეს მსოფლიოს მიერ გაწერილ პრინციპებსა და მითითებებს.​
„ეს კანონი შეიძლება დასჭირდეს საქართველოს, რადგან საკუთარ საწარმოო ინდუსტრიას ავითარებს“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები