ირაკლი გედენიძე: დევნოზაშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა კიდევ ერთ პირთან ერთად, რომელსაც დღეს დავასახელებ

“ჩემი დაკავების დროს, ადგილი ჰქონდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ ზეწოლას, რომლის დეტალებზე დღემდე არ მისაუბრია”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დაწყებამდე ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ განაცხადა.
გედენიძე მასზე და კიდევ სამ ფოტორეპორტიორზე, შანტაჟის ბრალდებით დაკავებული დავით დევნოზაშვილის პროცესზე დღეს დაიკითხება. როგორც გედენიძემ აღნიშნა, ფიზიკურ ზეწოლას მასზე ადგილი ჰქონდა ე.წ. მოდულის შენობაში გადაყვანამდე და გადაყვანისას. რაც შეეხება გლდანის ციხეში არსებულ ვითარებას, სადაც გედენიძე, მასთან ერთად დაკავებულ გია აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს, გედენიძე იხსენებს, რომ საპყრობილეში ამ ყველაფერს დაემატა კონტრდაზვერვის წარმომადგენლის, დავით დევნოზაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური შანტაჟი.
“დევნოზაშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა კიდევ ერთ პირთან ერთად, რომელსაც დღეს დავასახელებ სასამართლოში. ისინი ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ჩემგან, შვილებით და ჩემი მეუღლის პიკანტური ფოტოს გამოქვეყნების მუქარის ფონზე”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ, რომელიც დღეს დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. გუშინდელ პროცესზე საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინ მისი დაკავების ფაქტი და ძალოვანი უწყებებისთვის იძულებით მიცემული ჩვენებები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.
​რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები