„ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილებები, პირდაპირი არჩევის შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიისას, რას უნდა დაჰპირდეს ის ხალხს?”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალისტების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ის არაპირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული.​ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აქცენტი პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებებზე გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიასაც კი ვერ აწარმოებს სრულყოფილად, რადგან ის არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არ არის. შესაბამისად, ამომრჩეველს ის ვერაფერს დაჰპირდება.
„ პირდაპირი გზით არჩევის შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ საარჩევნო კამპანია. პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილებები არც ახლანდელი კონსტიტუციით და არც შემდგომი კონსტიტუციით ექნება, ის კი ამ დროს ატარებს საარჩევნო კამპანიას. რას ლაპარაკობს? რას ჰპირდება? რას შეჰპირდება? ის ხომ არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
​რაც შეეხება ახალი წესის ამოქმედების ვადებს, ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი შემდეგ არჩევნებზე საერთო სახალხო არჩევნებით აირჩევა. მისი თქმით, ეს გარკვეული კომპრომისია იმისათვის, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ეს რომელიმე ინსტიტუციის ან პოლიტიკოსის მიმართ განხორციელებული აქტია.
„ჩვენ აგვირჩიეს იმ კონსტიტუციის მიხედვით, რა კონსტიტუციაც დღეს არსებობს . ჩვენ ამომრჩეველს ჩვენ არ ავურჩევივართ იმ პირობით, რომ ჩვენ არაპირდაპირ ავირჩევდით პრეზიდენტს. ჩვენი გარკვეული ვალდებულებაც არის, რომ შემდეგ არჩევნებზე პრეზიდენტი ავირჩიოთ პირდაპირი წესით და შემდგომში ავირჩიოთ იმ წესით, რომელსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს. ეს არის, გარკვეულწილად, კომპრომისიც, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ეს არის რომელიმე ინსტიტუციის ან პოლიტიკოსის მიმართ განხორციელებული აქტი, რომ არაპირდაპირ იქნას არჩეული“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები