პრეზიდენტი: პარლამენტის არჩევის ახალი წესი შინაარსობრივად არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს

პარლამენტის არჩევის ახალი წესი შინაარსობრივად არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში, კონსენსუსი მიღწეული პარლამენტის არჩევის ახალ წესთან მიმართებაში უნდა იყოს.
”რა ნაწილებში უნდა იქნას მიღწეული კომპრომისი? – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მე ამ ახალ კონსტიტუციურ მოდელს ვუყურებ, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი – წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, სამწუხაროდ, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს: შენარჩუნებულია მაღალი 5 %-იანი ბარიერი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული.
მაღალი 5 %-იანი ბარიერის პარალელურად პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ თუ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ბარიერს დაგვიწესებთ და არ მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ გავერთიანდეთ ერთმანეთთან, ჩვენ გავვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა. ეს მათი არგუმენტია, რომელიც მოსმენილი უნდა იქნას. მაგრამ ყველაზე უცნაური და რთული არის 5 პროცენტის ქვეშ რა პარტიებიც იქნება ანუ ხმები, რომლებიც არ გადავა პარლამენტში – ამ ხმების მითვისების სქემა შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად უსამართლოა. წარმოდგენილი ვარიანტით ეს გაუნაწილებელი ხმები ყველა მიდის მოგებულ პარტიასთან.
შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით – მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში. ეს ხომ მარტივი უსამართლობაა? – ამაზეა პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ამ უსამართლო სისტემის შეცვლაზე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ ძალებთანაც,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები