ირაკლი კობახიძე: სასამართლოს კრიტიკაზე რაიმე სანქციების დაწესება არ მგონია სწორი იყოს

სასამართლოს კრიტიკაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და სანქციების დაწესების საკითხს არასწორი უწოდა. რაც შეეხება მოსამართლის შეურაცხყოფას, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მსჯელობა შეიძლება.
”რაც შეეხება სასამართლოს კრიტიკას, არა მგონია, ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციების დაწესება იყოს სწორი. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა. ამ ეტაპზე, ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო წინადადება არ მინახავს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, “უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები