ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ჭიათურის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კოოპერატივი – „ზოდის ჩაი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჭიათურის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივი „ზოდის ჩაი“ პროგრამაში 2017 წლის 29 მარტს ჩაერთო და 9.05 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – 22 500 ლარს შეადგენს, აქედან სამუშაოების 80%-ს – 18 000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ, რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის  საჭირო ყველა მანქანა-დანადგარი.
უწყების ცნობით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ჩართულია 17 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს – 515.89 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1 285 989 ლარი, საიდანაც 924 226.80 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.​
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები