თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ყოველწლიურ ანგარიშში რამდენიმე რეკომენდაცია იყო ასახული, თუმცა, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
„გამოქვეყნების დროს აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი რეკომენდაციებისა, უკვე შესრულებული იყო.რეკომენდაციები მოიცავდა სასამართლოს რეფორმის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. ამ ანგარიშში ასახული ყველა რეკომენდაცია უკვე დაფარულია  სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, ევროკომისრის რეკომენდაციას პასუხობს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაც, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება.
„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დიდწილად იზრდება პროკურატურის დამოუკიდებლობა და ეს ნილს მუჟნიეკსის ერთ-ერთ რეკომენდაციას პასუხობს. ასე რომ, თითქმის ყველა მიმართულებით,  საქართველოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები  ან რეკომენდაციები, ფაქტობრივად,  უკვე გაზიარებულია პარლამენტის მხრიდან”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროკომისარი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები