ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრო

​ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომას დაესწრო. როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომებში აქტიურად მონაწილეობს.
​ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა კანონის უზენაესობის ახალ სტანდარტებზე იმსჯელა.
„მზადდება ახალი ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენი კომიტეტის მომხსენებელი, კომიტეტის სახელით, შესთავაზებს საპარლამენტო ასამბლეას, რომ განისაზღვროს ის სტანდარტები, რომელიც ევროპის კონვენციის თანახმად, განაპირობებს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას ყველა წევრი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ვენეციის კომისიის სპეციალური ჩამონათვალი მზადდება იმ სტანდარტების რეალიზებისთვის, რომელიც წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
​ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტზე რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დისკუსია გაიმართა. ეკა ბესელიას ინფორმაციით, მზადდება მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც წევრ ქვეყნებში დემოკრატიული საქმიანობის და განვითარების კუთხით სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელშემშლელ ფაქტორებს ეხება. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ანგარიშს შემდეგ სხდომაზე მოუსმენენ.
​როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისრის, ნილს მუჟნიეკსის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ნაწილი ძალიან საყურადღებოა.
​„საქართველოს ნაწილი არის ძალიან საყურადღებო, რომელიც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების რეალობის ასახვას ეხება, იმ პრობლემების, რომლებითაც ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ირღვევა და ესეც იქნება შემდეგი დისკუსიის საგანი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები