ნიკოლოზ სანაია მისი ავტომობილის ძარცვასთან დავით სესიაშვილის კავშირს გამორიცხავს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ვაჟის მეგობარი ნიკოლოზ სანაია მისი ავტომობილის ძარცვასთან დავით სესიაშვილის კავშირს გამორიცხავს. როგორც ნიკოლოზ სანაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სესიაშვილი მისი ახლო მეგობარია და არ არის გასაკვირი, რომ მანქანაზე მისი თითის ანაბეჭდებია დაფიქსირებული. სანაიას ინფორმაციით, ავტომობილის ძარცვის საქმეზე გამოძიებას დავით სესიაშვილი არ დაუკითხავს.
„გამოძიებამ ავტომობილზე დავით სესიაშვილის გარდა, 3-4 ადამიანის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა. გასაკვირიც არ არის, ყოველდღიური ურთიერთობა ვისთანაც მაქვს, იმის თითის ანაბეჭდები იქნებოდა. დავით სესიაშვილი არ დაუკითხავთ იმ პერიოდში და არც იყო რეალურად დასაკითხი“, – განაცხადა ნიკოლოზ სანაიამ.
ავტომობილზე დავით სესიაშვილის ანაბეჭდის არსებობა არ უკვირს ნიკოლოზ სანაიას მამას, ირაკლი სანაიას. ის 2015 წლის მარტში მომხდარ შემთხვევას იხსენებს.
„იმ დღეს, როგორც მახსოვს, მეგობრებთან ერთად, ლესელიძის ქუჩაზე იყვნენ, ალბათ გასართობად. როდესაც დაბრუნდნენ, მანქანა გატეხილი დახვდათ და ერთ-ერთი მეგობრის ჩანთა იყო წაღებული. იმ მანქანაზე ჩემი მეგობრის თითის ანაბეჭდებიც არის აღმოჩენილი, ჩემიც არის და ზოგადად, თუკი ვინმე გაჰკარებია იმ მანქანას, ალბათ, ყველას თითის ანაბეჭდი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სესიაშვილის მამამ.
ავტომობილს, რომლის ძარცვის ფაქტზეც 2015 წლის მარტში გამოძიება დაიწყო, ირაკლი სესიაშვილის ვაჟის, დავით სესიაშვილის ახლო მეგობარი ირაკლი სანაია მართავდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სუს-ი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.
დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები