ირაკლი სესიაშვილი: ჩემი შვილის დასაქმებაში არ ჩავრეულვარ

“ჩემი შვილის დასაქმებაში არ ჩავრეულვარ, რადგან ჩემი პრინციპული დამოკიდებულება კარგად იცის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისი ვაჟის, დავით სესიაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, იმის გამო, რომ იგი თანამდებობის პირია, მის შვილს ან მის ნათესავს საკუთარი ინტერესების გამოხატვა არ უნდა ეკრძალებოდეს.
„ხშირ შემთხვევაში, ჩემი შვილი ჩემი რჩევებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს. მან სუს-ში დასაქმების გადაწყვეტილება თავად მიიღო და მე ამ საქმეში არ ჩავრეულვარ, რადგან ჩემი პრინციპული დამოკიდებულება კარგად იცის. ჩემმა შვილმა მანამდე პრაქტიკა გაიარა უამრავ სახელმწიფო უწყებაში და კერძო სტრუქტურაში. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და განსაკუთრებით ამიტომაც ვცემ პატივს. რადგან მე თანამდებობის პირი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს შვილს ან ჩემს ნათესავს უნდა ეკრძალებოდეს საკუთარი ინტერესების გამოხატვა?!” – აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი შვილი რაიმე თანამდებობაზე დანიშნული არ არის. მას 6-თვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. რაც შეეხება საჯარო სამსახურში გასავლელ კონკურსს, დეპუტატის მტკიცებით, მის ვაჟს ყველა საჭირო პროცედურა აქვს გავლილი, რაც საჯარო სამსახურში დასასაქმებლად არის განსაზღვრული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სუს-ი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.
დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები