ნათია გედენიძე: შოთა ხიზანიშვილი ჩემი დაკითხვის დროს პროდიუსერივით იქცეოდა

“ჩემი დაკითხვის დროს შოთა ხიზანიშვილი კამერის უკან იდგა, ჩვენებას ისმენდა და პროდიუსერივით იქცეოდა”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ფოტოგრაფმა, ნათია გედენიძემ შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, შოთა ხიზანიშვილის მისამართით განაცხადა.
როგორც გედენიძემ აღნიშნა, თავდაპირველად, მან არ იცოდა თუ რისთვის იყო დაკავებული და რა უნდა ეღიარებინა.
„მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მერე მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ წინა დღეებში მითხრა, შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი, აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო“, – განაცხადა გედენიძემ.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა ხვალ განახლდება და ნათია გედენიძის მეუღლე, საქმის კიდევ ერთ-ერთი დაზარალებული – ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.
რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები