გიორგი ებანოიძე: არ შეიძლება, მოსამართლე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უცენზურო გამონათქვამებით მოიხსენიო

მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასაშვები ზღვარი აუცილებლად უნდა დაწესდეს. ებანოიძის განმარტებით, არ შეიძლება, მოსამართლე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი და ცინიკური გამონათქვამებით მოიხსენიო.
“დასაშვები ზღვარი აუცილებლად უნდა დაწესდეს, რადგან საუბარი არ უნდა გასცდეს სამართლებრივ არგუმენტებს, არ შეიძლება, მოსამართლე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი და ცინიკური გამონათქვამებით მოიხსენიო, რადგან მხარეებს ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება აქვთ, პირველი ინსტანციის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და ასევე, საერთაშორისო სასამართლოში”, – განაცხადა გიორგი ებანოიძემ.
მისივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და ასეთი კანონი ბევრ ქვეყანაშია მიღებული.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები