საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წარმატებული გასტროლი იაპონიაში

25 აპრილს, კულტურის სამინისტროში, იაპონიაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ოპერის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი გაუძღვნენ.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, 16-20 მარტს იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ, ბუნკა კაიკანის თეატრის სცენაზე, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი შედგა.  ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა ოთხი გალაკონცერტი გამართა და ორი განსახვავებული პროგრამა წარადგინა. საგასტროლო პროგრამა, როგორც კლასიკური საბალეტო სპექტაკლების, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებისგან შედგებოდა.
განსაკუთრებული ოვაციით მიიღო იაპონელმა მაყურებელმა ნინო ანანიაშვილის გამოსვლა პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავში“, ლ. მინკუსის „დონ კიხოტსა“ და კ. ვებერის „ვარდის აჩრდილში“. პრიმა-ბალერინას სცენაზე პარტნიორობას უწევდნენ: ამერიკის საბალეტო თეატრის წამყვანი სოლისტი მარსელო გომესი, მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ალექსანდერ ვოლჩკოვი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი იონენ ტაკანო.
მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტებმა: ნუცა ჩეკურაშვილმა, ნინო სამადაშვილმა, ეკატერინე სურმავამ.
იაპონელი ბალეტის კრიტიკოსების შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გამოსვლა ტოკიოში, მსოფლიოს წამყვანი საბალეტო კომპანიების სტანდარტის იყო და კვლავ გამოთქვეს იაპონიაში დასის გასტროლის გამართვის სურვილი.
იაპონიის ტელევიზიამ – TBS-მა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლის შესახებ არაერთი სიუჟეტი მოამზადა, ნინო ანანიაშვილს კი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა პირველი გალაკონცერტის შემდეგ. პარალელურად, სპექტაკლების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა იაპონიის ოთხი სახვადასხვა ქალაქის კინოთეატრებში.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი უახლოეს დღეებშიც მორიგ გასტროლზე მიემგზავრება –  4-10 მაისს, გასტროლი ესტონეთსა და ფინეთში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები