„ალჟირი – აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

28 და 29 აპრილს, 18.00 საათზე, თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრში 171-ე სეზონის მთავარი პრემიერა გაიმართება.
„ალჟირი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის) – ასე ეწოდება ავთანდილ ვარსიმაშვილის ახალ სპექტაკლს.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრიდან აცნობეს, ეს არის საქართველოს ისტორიაში და ქართულ თეატრში პირველი მხატვრულ-დოკუმენტური გააზრების მცდელობა იმ პერიოდისა, როდესაც რეპრესიებს ეწირებოდნენ უდანაშაულო ადამიანები.
დოკუმენტური დრამა მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილის – აკმოლინსკის სამშობლოს მოღალატეების ცოლების ბანაკის შესახებ, რომელიც გულაგის ერთ-ერთი „კუნძული“ იყო. მასში ხვდებოდნენ №00486 ბრძანებით, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრები. სპექტაკლს საფუძვლად უდევს დოკუმენტური ფაქტები – ოქმები, წერილები, ფოტოსურათები, მოგონებები.
„ალჟირის” კედლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოში ცნობილი ოჯახების წევრები: დირიჟორ ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა (ანა) დუმბაძე-ბახტაძე და ბიცოლა თამარ დუმბაძე, მწერალი ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, კინორეჟისორ ლევ კულიჯანოვის დედა – ეკატერინე კულიჯანოვა.
სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართველოდან ალჟირის ციხეებში 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სიაც არ არის სრული. მათ ხსოვნას ეძღვნება გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი.
დადგმის მხატვარი ამირიან შველიძე, მუსიკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია და ანა ნიკოლავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები