ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები” უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს – ,,ცოცხალი წიგნები” უმასპინძლა. ღონისძიება დაბა კაზრეთის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ლიტერატურული პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში განხორციელდა .
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. პარკის შიდა სივრცე მთლიანად იყო ათვისებული სხვადასხვა კომპოზიციებით. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ბოლნისში გერმანელების ცხოვრების ამსახველი ფოტოექსპოზიციისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სოფელ ტანძიის, ბოლნისის ეპარქიის ციხე – ტაძრების ფოტოექსპოზიციის გამოფენები.
ნინო გუგეშაშვილი, ლელა ცუცქირიძე, რობერტ მესხი, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი კაკაბაძე და მარიამ წიკლაური – ეს იმ პოეტების ჩამონათვალია, რომლებიც დაბა კაზრეთში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და იქ მცხოვრებლებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
ღონისძიება ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა გაალამაზეს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ავტორებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შეხვედრებს მკითხველებთან. დღევანდელ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
,,არაჩვეულებრივი ღონისძიების მომსწრენი გავხდით დღეს დაბა კაზრეთში და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელიც არის სულისჩამდგმელი მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისა , როგორიც არის ,,ცოცხალი წიგნები“.
უკვე მესამე წელია,  ტარდება პროექტის ფარგლებში შეხვედრები პოეტებთან და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ პროექტი დღეს ბოლნისშიც წარმატებულად შედგა. წიგნიერი და ერუდირებული თაობა ნამდვილად სჭირდება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, მით უფრო, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში ბავშვები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. სწორედ ამიტომ, ყველა ასეთი წამოწყება, რომელიც მომავალ თაობას წიგნთან დააბრუნებს, მისასალმებელია. წიგნის პოპულარიზაციასთან ერთად, ამ პროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარე გახლავთ ისიც, რომ სოფლებსა და დაბებში მსგავსი ღონისძიებები ახალ სისცოცხლეს მატებს დასახლებებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები