ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა

ნანა ექვთიმიშვილის ფილმი  “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა და ფესტივალის მთავარი ჯილდო – “ცეცხლოვანი ფრინველი” საუკეთესო ფილმისათვის გადაეცა. ჟიურის თავჯდომარე პოლონელი რეჟისორი აგნიეშკა ჰოლანდი იყო.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ცოტა ხნის წინ, იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა, მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა,  რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მოგვიანებით ფილმი სოფიას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. 10 მაისიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფრანგეთის კინოთეატრებში გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები