“გირჩის” მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას ხელისუფლებამ შესაძლებელია სასამართლოში უჩივლოს
,,გირჩის“ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას ხელისუფლებამ შესაძლებელია, საკონტიტუციო სასამართლოში უჩივლოს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორთან, იურისტებთან და ექსპერტებთან კონსულტაციებს უკვე გადის და ხელისუფლების რეაქცია ,,გირჩის” მიერ მოძებნილ გზაზე, აარიდონ წვევამდელები სამხედრო სამსახურს, სულ მალე გახდება ცნობილი.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა ,,პრაიმტაიმს” განუცხადა, ,,გირჩის” ქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და პარტია ამას იმისთვის აკეთებს, რომ ამომრჩეველი მოიზიდოს.
„სამხედრო ვალდებულება არის კონსტიტუციური ნორმა. ხოლო ის, რასაც „გირჩი“ აკეთებს, არის ამ ნორმის ხელოვნური უგულებელყოფა”. „გირჩმა“ ხელოვნურად შექმნა ისეთი გარემო და შეიმუშავა ისეთი მექანიზმი, რომლითაც წვევამდელებს, ახალგაზრდებს, პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სთავაზობს, თავი აარიდონ კონსტიტუციურ ნორმას, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიტყოდი, რომ არასახელმწიფოებრივი მიდგომაა, პირველ რიგში. ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა დავიცვათ და როცა ამ ვალდებულებისგან თავის არიდების მექანიზმს შეიმუშავებ და პირდაპირ მოუწოდებ, რომ მე შევქმენი მექანიზმი, რომლითაც ჯარში არ წახვალ და მოდი ჩემთან, დარეგისტრირდი, თავისთავად ცხადია, ამაზე რეაქცია გვექნება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„ეს არის 100 პროცენტით ლეგალური გზა და თუ სახელმწიფო მაინც შეეცდება, 1 წლით მათ მონებად გადაქცევას, ჩვენ სასამართლოში დავიცავთ თითოეულ მათგანს“, – განუცხადეს გამოცემას „გირჩში“.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,გირჩი”, დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”.
რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი ამის საშუალებას იძლევა. უფრო კონკრეტულად, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.