ნინო ბურჯანაძე: ბოკერია 2008 წელს, აფხაზეთში კატეგორიულად ითხოვდა ომის დაწყებას

„2008 წლის აპრილში, როცა აფხაზეთში რუსული საჯარისო ფორმირებები რკინიგზის აღდგენაზე მუშაობდნენ, ბოკერია კატეგორიულად ითხოვდა ომის დაწყებას“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ნინო ბურჯანაძე გამოცემის დღევანდელ ნომერში აღნიშნავს, სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომებისა და დანაშაულების აბსოლუტურ უმრავლესობაში გიგა ბოკერია მონაწილეობდა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომებისა და დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობაში ბევრი ადამიანი და პირველ რიგში, გიგა ბოკერია მონაწილეობდა! რომელი ერთი დავასახელო – აგვისტოს ომი, ქონებების წართმევა, გირგვლიანის მკვლელების დაუსჯელობა და ა.შ. ძალიან ბევრ საკითხში ბოკერიასთან უფრო მიწევდა ბრძოლა, ვიდრე სააკაშვილთან. ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში, როცა აფხაზეთში რუსული საჯარისო ფორმირებები რკინიგზის აღდგენაზე მუშაობდნენ, ბოკერია კატეგორიულად ითხოვდა ომის დაწყებას. დიახ, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბოკერია გახარებული შემოვარდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და სააკაშვილს უთხრა – აი, ახლა უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო! მას მიაჩნდა, რომ რკინიგზის საკითხი კარტბლანში იყო აფხაზეთში ომის დასაწყებად. ბოკერია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ გირგვლიანის მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები დასჯილიყვნენ. სააკაშვილისგან კატეგორიულად ვითხოვდი რეალურ გამოძიებასა და მკვლელობის შემკვეთების დასჯას, რაშიც იგი, გარკვეულწილად, მეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ გარემოცვამ და პირველ რიგში, ბოკერიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სააკაშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები