„ციანიდის საქმეში“ ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომელია

ე.წ. ციანიდის გახმაურებულ საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, რომელთანაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შხამიანი ნივთიერების შეძენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით ითხოვდა სასულიერო პირი ზემოხსენებულ ნივთიერებას.
სტატიის თანახმად, საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის გარდა, დეკანოზი შხამიან ნივთიერებას, კერძოდ, გველის შხამის მოძიებაში დახმარებას აჭარის რეგიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქესაც სთხოვდა. პროკურატურამ აღნიშნული პიროვნება ჯერ ციანიდის არსებობაზე დაკითხა, თუმცა მისი მობილური ტელეფონის ექსპერტიზის შედეგად, დადასტურდა, რომ საუბარი გველის შხამს შეეხებოდა. ცოტა ხნის წინ, „პრაიმტაიმისთვის“ცნობილი გახდა კიდევ ერთი პირის შესახებ, რომელთანაც, წყაროს ინფორმაციით, ასევე, გველის შხამზე იყო საუბარი. სავარაუდოდ, მესამე პირი საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომელია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკითხა თუ არა ის საგამოძიებო ორგანომ.
„პრაიმტაიმმა“ ამ საკითხის გარკვევა ბრალდებული დეკანოზის ადვოკატთან, გიორგი ფანცულაიასთანაც სცადა. მისი თქმით, თუკი არსებობს ასეთი მოწმე და ის პროკურატურას უკვე დაკითხული ჰყავს, დაცვის მხარეს შესაბამისი მასალები აუცილებლად უნდა გადასცემოდა.
„ჩვენთვის ასეთი პიროვნების შესახებ უცნობია. თუკი ის პროკურატურამ დაკითხა, ჩვენთვის შესაბამისი მასალები აუცილებლად უნდა გადმოეცა და თუ შეგნებულად არ გადმოგვცეს, მის ჩვენებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ ექნება და ის სასამართლოში დაუშვებელ მტკიცებულებად იქნება ცნობილი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თუ მოხდა ასეთი პიროვნების დაკითხვა, ვერ გეტყვით. თუ ასეა, მისი ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვის მხარეს უნდა გადმოეცეს“, – განმარტა გიორგი ფანცულაიამ.
​„პრაიმტაიმი“ „ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძესაც დაუკავშირდა. გამოცემა დაინტერესდა მისთვის თუ არის ცნობილი ახალი მოწმის შესახებ, თუმცა მამალაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გამოძიების დეტალების გაუთქმელობის პირობა შეახსენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები