ირაკლი კობახიძე კონფერენციას, „კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეფექტური სახელმწიფო“ დაესწრო (ვიდეო)

„პრინციპები, რომლებიც ჩვენი მსჯელობის ამოსავალი წერტილია, უკვე ასახულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში. ეს არის ორი ფუნდამენტური პრინციპი: სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების კვლევის ცენტრის კონფერენციაზე – „კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეფექტური სახელმწიფო“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი აქტუალურია და ამას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში გამართული დებატებიც ადასტურებს. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი, რომლებიც სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების რეალიზებისთვის სათანადო გარანტიებს შექმნის.
„ ამ ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია. ეს პირდაპირ არის აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში და დაგეგმილია კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც ამ ორი პრინციპის რეალიზებისთვის სათანადო გარანტიებს შექმნის. ანუ, გარდა პრეამბულისა, კონკრეტული მუხლებით, კონკრეტული ჩანაწერებით იქნება უზრუნველყოფილი ის ორი ფუნდამენტური პრინციპი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე და განაცხადა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში აისახება.
„ ცალკე მუხლი დაეთმობა სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შედის საქართველოს კონსტიტუციაში. ძალიან მაღალ დონეზე იქნება ატანილი სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ამ მუხლის დამატებით საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციის ზოგად დებულებებს და კონსტიტუციური მოწყობის ზოგად დებულებებს“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირველ თავში სპეციალური მუხლის დამატებაა დაგეგმილი ეკონომიკური თავისუფლების შესახებაც.
„ვიცით, რომ არის გარკვეული კოლიზიური დამოკიდებულება ამ ორ პრინციპს შორის, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს ორი პრინციპი არის ერთმანეთთან თავსებადი და ჰარმონიზებადი. ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ამ ჰარმონიის და თავსებადობის უზრუნველყოფა ორ ფუნდამენტურ პრინციპს შორის -ეს არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო მსჯელობა გაიმართა, სადაც რეგულაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს.
„ნებისმიერ რეგულაციას აქვს თავისი ძლიერი მხარეები და ნაკლოვანებები და ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია კომისიის შესაბამის ჩანაწერებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კრიტიკულ განცხადებებსაც და განაცხადა, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გაიგივება მემარცხენე მიმართულებასთან არასწორია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუცია იდეოლოგიურად ნეიტრალური უნდა იყოს.
„ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. არის ნაწილი კომისიის წევრებისა, პოლიტიკოსებისა, რომლებიც ჩვენ ბრალს გვდებენ სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობაში. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ხშირად არის გაიგივებული მემარცხენე მიმართულებასთან, რაც არის პრინციპულად არასწორი.ბუნებრივია, კონსტიტუციაში ვერ იქნება ასახული ვერც მემარჯვენე და ვერც მემარცხენე მიმართულება. რა თქმა უნდა, იდეოლოგიურად უნდა იყოს კონსტიტუცია ნეიტრალური და შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არავითარი კავშირი არ აქვს იდეოლოგიურ მიმართულებასთან. კონსტიტუცია უნდა იყოს იდეოლოგიურად ნეიტრალური და სწორედ ასეთი სახით იქნება ჩამოყალიბებული კონსტიტუციის, ჩვენი ძირითადი კანონის ტექსტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ფრიდრიჰ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფელიქს ჰეტმა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლსა და იმ საკონსტიტუციო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითვალისწინებს. მონაწილეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, რომელმაც სახელმწიფოს როლსა და ფუნქციაზე ისაუბრა.
„ თუ სახელმწიფო ხარჯების საკითხი გაგვაქვს რეფერენდუმზე, მაშინ პარლამენტი საერთოდ აზრს კარგავს და ყველა სხვა საკითხი შესაძლოა გავიტანოთ რეფერენდუმზე, ანუ ინსტიტუციურ, წარმომადგენლობით დემოკრატიაზე უარი ვთქვათ, ხელისუფლებამ მოიხსნას პასუხისმგებლობა. ჩვენ მივიღებთ არა ხალხის მმართველობას, არამედ, მივიღებთ დიქტატორულ მმართველობას.
2012 წლის შემდეგ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ ასე არ იყოს. თუ ვიფიქრებთ და მოვინდომებთ, რომ რადიკალურად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყანაში ვითარება, ეს შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, ანუ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა ერთის მხრივ და იმავდროულად, მას უნდა ჰქონდა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გამოიყენოს ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ თემაზე მსჯელობას, შევეცდებით დავარწმუნოთ საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები პარლამენტშიც, მთავრობაშიც, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
კონფერენციაზე გაიმართა დისკუსიაც, რომელსაც მოდერირებას საზოგადოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა მუსხელიშვილი უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები