“დემოკრატიული მოძრაობა” სახელისუფლებო გუნდს ულტიმატუმს უყენებს

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კონსტიტუციის ახალი პროექტის ნაკლოვანებებზე ისაუბრა და ხელისუფლებისგან გარკვეულ საკითხებში დათმობა მოითხოვა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტს უფლებამოსილებას შეუზღუდავს და მიწაზე საკუთრების უფლებას არ შეზღუდავს, „დემოკრატიული მოძრაობა“ კონსტიტუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„პრეზიდენტთან დაკავშირებით, ვთანხმდებით, რომ 2018 წელს პირდაპირი გზით აირჩევა პრეზიდენტი, თუმცა ის მოდელი, რასაც „ქართული ოცნება“ 2023 წლიდან გვთავაზობს, კატეგორიულად მიუღებელია. ამით კნინდება პრეზიდენტის ინსტიტუტი. პრეზიდენტი აბალანსებს ძალაუფლება კონცენტრირებულ პრემიერ-მინისტრს. პრემიერი ხდება ნომერი პირველი პოლიტიკური ფიგურა და მას სჭირდება ბალანსი. პრეზიდენტი რჩება მთავარსარდალი, თუმცა მას აღარ ეყოლება სათათბირო ორგანო, უშიშროების საბჭოს გარეშე. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს წაართვეს უფლება, წარედგინა სასამართლო ხელისუფლებაში წარსადგენ კანდიდატთა სია“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება მიწაზე საკუთრების უფლების შეზღუდვას, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ნორვეგიის, დანიის, ჰოლანდიის, ესტონეთის და ლიტვის მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლებით შეიძლება სარგებლობდეს მხოლოდ ქვეყნის მოქალაქე , ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო, გამონაკლისი შემთხვევები კი კანონით უნდა იყოს დარეგულირებული.
ლორთქიფანიძის თქმით, აუცილებელია, ასევე შეიცვალოს საარჩევნო სისტემის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მოდელი. მისი განცხადებით, ის უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას კონკურენტუნარიან გარემოში შეეძლოს წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლებისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„თუ ხელისუფლება, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დათმობაზე არ წამოვა, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას აღარ მივიღებთ და კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებთ”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები