ირაკლი კობახიძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს და ირანს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისტორიულ ურთიერთობებთან ერთად, ბოლო 25 წელია, ქვეყნებს შორის მჭიდრო დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირებიც ჩამოყალიბდა.
მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ურთიერთობების, როგორც ორმხრივი კავშირების ხელშემწყობი ფორმატის მნიშვნელობა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში.
მოჰამად ჯავად ზარიფის შეფასებით, საქართველო თანმიმდევრულ და კონსტრუქციულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ირანელ ტურისტებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა თანმიმდევრული რეფორმების შედეგია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები