„ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ჩეჩნეთის ხელისუფლება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა

რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ჩეჩნეთის ხელისუფლება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა. ვენედიქტოვმა მხარი დაუჭირა კოლეგებს „ნოვაია გაზეტადან“, რომლებმაც ჩეჩნეთში გეების დევნის ფაქტების გამოძიება დაიწყეს. ვენედიქტოვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის სასულიერო პირთა შეხვედრაზე გამოთქმული ფორმულირებები ძალიან ჰგავს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გამოთქმულ მოწოდებებს.
„ეს მუქარა ისე ჰგავს ISIS-ის მიერ გავრცელებულ მუქარას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც რელიგიური ფანატიკოსების სისასტიკის შესახებ ყვებიან, რომ შეიძლება მათი ავტორები ერთმანეთში აგერიოთ“ – დაწერა ვენედიქტოვმა თავის ბლოგში.
„ასეთი მუქარა ისმოდა ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვას, ბორის ნემცოვის მისამართით. ახლა მინდა ვკითხო საგამოძიებო კომიტეტს, უშიშროების ფედერალურ სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს – რას ელოდებით? „ეხო მოსკვი“ „ნოვაია გაზეტას“ სოლიდარობას უცხადებს” – განაცხადა მან.
რამდენიმე დღის წინ „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში ბოლო პერიოდში ასობით მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ჰომოსექსუალიზმში არიან ეჭვმიტანილები. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ცნობილია სამი დაღუპული გეის შესახებ, თუმცა მათი რიცხვი, შესაძლოა, უფრო მეტი იყოს.
ამ საკითხის გამოძიება რუსეთის ხელისუფლებისგან საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Amnesty International“-მაც მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები