მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ – უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო პირველად გაიცემა

19 აპრილს, 13 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება მოძრაობის – „არა ბარბარიზმებს“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება-აქცია. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო პირველად გადაეცემა ერთ ჟურნალისტს, ერთ საზოგადო მოღვაწეს და ერთ უცხოელ ქართველოლოგს გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს მოძრაობის ფარგლებში შექმნილ „ბარბარიზმების ლექსიკონს“ და განაცხადებს იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რითაც მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ გაგრძელდება მომავალში.
„ბარბარიზმების ლექსიკონის“ საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ მისი „პე-დე-ეფ“ ვერსია აიტვირთება ინტერნეტში, მოძრაობის გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. მზადდება რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ონლაინვერსია ერთიანი საძიებო სისტემით, რომელიც მალე განთავსდება ინტერნეტში მისამართზე: http://barbarismebi.ge/
ღონისძიებაზე შეჯამდება ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული მაისურების აქცია, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ბევრმა მოქალაქემ, პროფესორ-მასწავლებელმა, სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მაისურების აქციის გამარჯვებული მონაწილეები  10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება „ბარბარიზმების გადაყრის“ ცერემონია.
ვეპატიჟებით ყველას, მოძრაობის მხარდამჭერებს, მაისურების აქციის მონაწილეებს, ქართული ენის ყველა ქომაგს.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები