აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლიანი პატირმობა შეუფარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. შურისძიების მოტივით ჩადენილი არჩილ მ.-ს მკვლელობისათვის ბრალდებულ ავთანდილ ა.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ავთანდილ ა.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.
სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, ბრალდებული ავთანდილ ა. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – წერია განცხადებაში.