დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი გამოიფინა

 დამთვალიერებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეროვნულ არქივში განუცხადეს, ეს ფასდაუდებელი საბუთი და უდიდესი ქართველი მეფის ავტოგრაფი –  შიომღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძი ეროვნულ არქივშია დაცული.
საბუთს თავსა და ბოლოში  დართული ჰქონდა მეფის ავტოგრაფული წარწერები: „ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“; „ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დამტკიცე, მტკიცედა უქციე“.
საბუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის და მასში, ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობის შესახებ.
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო შემორჩენილი. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი, სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ აქ დაცული ქართული სიგელ-გუჯრები ერთიანად განადგურდა. დავით აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები