სუს-ი: გასულ წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 134, ხოლო აფხაზეთის – 193 უკანონო დაკავება დარეგისტრირდა

2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 132 გათავისუფლდა (ერთი პირი გათავისუფლდა 2017 წელს, ხოლო ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი
როგორც სუს-ში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს, მათ შორის, „ცხელ ხაზსა“ და IPRM-ის შეხვედრებს, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
„უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით განხორციელებული უკანონო დაკავებები. 2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით აღნიშნული უკანონო ბრალდებით 134 ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 132 გათავისუფლდა (ერთი პირი გათავისუფლდა 2017 წელს, ხოლო ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული2. უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს, მათ შორის, „ცხელ ხაზსა“ და IPRM-ის შეხვედრებს, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა მანდატით განსაზღვრული უფლება ოკუპირებულ რეგიონებშიც განახორციელოს მონიტორინგი, იგი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამასთან, ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია რეგიონში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას. განსაკუთრებით ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს როლი ჟენევის დისკუსიებსა და IPRM-ის შეხვედრებში.
სამსახური ასევე აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ორგანიზებულ სამმხრივი შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბოლოს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების ინიციატივით, სამმხრივი შეხვედრები შეჩერდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული ფორმატი განახლდა და საანგარიშო პერიოდში ორი შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. ამ მიზნით, 2016 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 27 ვიზიტს გაუწია ორგანიზება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები